საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს.
„ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა, დაახლოებით 0,50 თეთრიდან 1 ლარამდე. რაც შეეხება ღორის ხორცს, ფასი არ გაზრდილა.
აღსანიშნავია, რომ საქონლის ხორცის ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი, რადგან ცოცხალი ღირებულება გაიზარდა, თუმცა არის ერთი გარემოება – რუსეთში გაიაფებულია მარცვალი და ასევე, დაახლოებით ერთი თვეა, რაც რუსეთიდან ცოცხალი საქონლისა და საკლავის, ასევე ხორცის იმპორტი განახლდა.
ასევე ბელარუსიდან და უკრაინიდანაც განახლდა ხორცის შემოტანა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ხორცი მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა.“ – განაცხადა ბექა გონაშვილმა.
მისი თქმით, ფასების მატება მოსალოდნელია ჯერ დეკემბრის დასაწყისში, შემდეგ კი თებერვალშიც.
„ჩემი ვარაუდით, ფასის მატება მოსალოდნელია დეკემბრის დასაწყისში, საახალწლოდ და ასევე თებერვალშიც. ჩემი ვარაუდით 1 კილოგრამი ხორცი 2 ლარის ფარგლებში გაძვირდება“, – ამბობს გონაშვილი.
ბექა გონაშვილის თქმით, ამ დროისთვის 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი სასაკლაოს შემდეგ, საბითუმო ობიექტებზე ჩაბარებამდე 25 ლარს შეადგენს.










