ქუთაისში სამოქალაქო სექტორი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას ეხმიანება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებიტ სოციალურ ქსელში “RICDOG”-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე წერს:
“რადგან “ქართულმა ოცნებამ” ამდენი რესურსი დაახარჯა ეგრეწოდებულ ტექნოლოგიურ ჰაბს, ესეიგი პროექტი “ ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი” ჩავარდა! ესეიგი ქიუმ ვერ უზრუნველყო “50 000 სტუდენტით” ქუთაისის მყისიერი განვითარება. ბიძინას ოჯახის იდეა, “დიდი ინვესტიციით”, ვერ აისახა რიგითი ქუთაისელის ჯიბეზე.
ქუთაისი ისევე როგორც ყველა სხვა ქალაქს სჭირდება ყველაფერი: ტექნოლოგიური ჰაბიც, უნივერსიტეტიც და სხვაც.შეცდომა კი იმაშია, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებლები არასდროს არ არიან ჩართული საქართველოს მოქალაქის გადასახადით გაკეთებული პროექტის შემუშავებაში, გადაწყვეტაში და აღსრულებაში. თუმცა მადლობას ჩვენგან სულ ითხოვენ და მერე კიდევ დაფასებას.ჩემი ფულით გაკეთებულში მადლობას არ ვიხდი!მეტიც, დეტალურად მაინტერესებს რატომ, რისთვის, როგორ, ვინ, რამდენი, რა მიზანშეწონილობით და რამდენად ეკონომიკურად გამართლებულად გააკეთა ეს? არსებობდა თუ არა სხვა, გაცილებით ეფექტური, ნაკლები ფინანსებით, სხვა, ალტერნატივები?!ტექნოლოგიური ჰაბიც, ქიუც იარსებებს მანამ სანან ამ ქვეყანაში არსებობს ბიძინა.წარსული გამოცდილება ასეთია, არ არიან მათი შემქნელები – არ არის მათი გამოგონილი პროექტებიც.კიდე კარგია, რომ აწსუ არის მარადიული.
პარლამენტის შენობა ქუთაისში დაუცდის ღირსეულ დეპუტატებს, რომლებიც ახალ საქართველოს ააშენებენ. მითქვია მე!” – წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ კოხრეიძე.
ცნობისთის, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გუშინ გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.
ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან 45 000 ლარი დაჯდა 400 ადამიანზე გათვლილი ფურშეტი.
ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ცერემონიაზე მიწვეული არ იყო ადგილობრივი მედიის უმეტესობა.
ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის და მისი გარშემო ტერიტორიის რეაბილიტაციაზე და ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობაზე ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. პროექტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა.
ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ამ შენობაში სრულყოფილად მხოლოდ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა იმუშავა.










