გორის რაიონულ სასამართლოში პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის – ალექსი ბადალოვის, ბესო მალაციძის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელის, ვლადიმერი გოდერძიშვილისა და ბესო მალაციძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა პოლიციელების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ადვოკატები კი გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.
სხდომას მას შემდეგ, რაც საქმე მოსამართლე ლევან დარბაიძემ აიცილა, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი უძღვება.
პროცესს არ ესწრება არც ერთი ბრალდებული პოლიციელი. როგორც ადვოკატებმა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, დაკავებულებს სხდომაზე დასწრება არ სურთ.
ასევე, როგორც ირკვევა, ბრალდებული სამართალდამცავებიდან ერთი – ვლადიმერ გოდერძიშვილი, ინციდენტის შემდეგ, კლინიკაში მოათავსეს. სწორედ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან პაპუნა ლოცულაშვილს.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.










