კლინიკური ჯგუფის მხრიდან შემოვიდა რამდენიმე ინიციატივა, სადაც იყო განხილული, თუ რომელი ჯგუფები უნდა შევიყვანოთ შემდგომი გაფართოებული ტესტირების ფარგლებში. ამ ეტაპზე, შევთანხმდით, რომ ჯგუფის გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები და სატრანზიტო ავტომობილების მძღოლები, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვისაუბრეთ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში შემოვიდა სამედიცინო საზოგადოების მხრიდან. ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა კლინიკაში, პაციენტების მიღებისას მოხდეს მათი კვლევა. ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მივუბრუნდებით. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება.ჩვენ დამატებით კვლავ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ორ დღეში გვექნება გაფართოებული ალგორითმი და შაბათ-კვირიდან ახალი ალგორითმით მკურნალობას დავიწყებთ“ – განაცხადა მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში – 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.










