ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა მათ, ვისაც აუცილებლად სჭირდება ის, მათ ისარგებლონ ტრანსპორტით, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ ეთერში საუბრისას.
„კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდითაა“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
27 მაისს ცნობილი გახდა, რომ ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს, პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია და მოლი, ასევე ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდება.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 16 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.