“ქართული ოცნების” მთავარი გზავნილები და პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადება უკვე მეორე დღეა მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ 12 წელია “ქართული ოცნებისგან” ისმის მათი პარტიის განადგურების სხვადასხვა სახის მანიპულაციები. ლევან ბეჟაშვილის თქმით, “ოცნება” მსგავსი მეთოდით ცდილობს საერთო ფონს გავიდეს.
“მუდმივად გვესმის ჩვენ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა არსებობდეს, რადარებიდან უნდა გააქრონ – მიმდინარე 12 წლის განმავლობაში ეს გვესმოდა. დღეს დაემატა უკვე – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცნება, სადაც ყველა პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია და განსხვავებული მოიხსენიება. ამას დაემატა, რომ თურმე საერთაშორისო გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამ მარტივი მანიპულაციებით და ტყუილებით, ცდილობს ფონს გავიდეს „ქართულ ოცნება“ და საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანოს.
ჰიპოტეტურ ომის საფრთხეზე საუბრობს „ქართული ოცნება“ მუდმივად და აშინებს საზოგადოებას და ამ დაშინებას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ დაშინებული საზოგადოების მართვა და მანიპულაციაც ბევრად უფრო ადგილია,“ – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ლევან ბეჟაშვილი.
პარტიის ”ანა დოლიძე – ხალხისთვის” თავმჯდომარე, პლატფორმა ”ძლიერი საქართველო” ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა ცდილობს ერთი მნიშვნელოვანი საკითხები მეორეთი გადაფაროს.
„მე-12 წელია „ქართული ოცნება“ დასდევს ქარის წისქვილებს. ეს არის ხელისუფლების პროპაგანდა, რომლის ამოცანა არის, რომ ადამიანების რთული ყოფა გადაფაროს არავისზე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხებით.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, “ქართულმა ოცნებამ” ახსნას რატომ წარმოადგენს დღეს მას და რატომ მისცა მან სამუდამო გარანტიები იმ მოსამართლეებს, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიანი 9 წლის შემოქმედებებს,“ – აცხადებს ანა დოლიძე.
გუშინ მმართველმა გუნდმა ის ოთხი მიზეზი განმარტა, თუ რატომ უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა არჩევნებზე – ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების გასამართლება ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ პროცესისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. მეოთხე მიზეზს „ოცნება“ საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტიმბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას.
მმართველი პარტია მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, მივიდნენ არჩევნებზე, რადგან როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 26 ოქტომბერს, არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება.










