რევაზ ელიზაბარაშვილს, რომელიც გორის ცენტრში დედა-შვილს დაეჯახა 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ 35 წლის ბიზნესმენს ბრალდება უკვე წარუდგინა.
დაკავებულს პროკურატურა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.









