წუხელ ზუგდიდში, ენითაუღწერელი ტრაგედია დატრიალდა. გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა 7 წლის ტყუპი ძმა – გიორგი და გაბრიელ გაბუნიები. ბავშვებს, სავარაუდოდ, ტრაგედიის დროს ეძინათ. ამ დროს სახლში იმყოფებოდა კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომელებმაც შეძლეს და ხანძარს თავი დააღწიეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. იყო ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს. არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები დედასთან და მამობილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.
ბავშვები შინ მარტო იყვნენ.
მოგვიანებით ტრაგედიის ადგილას დაბრუნდნენ ბავშვების დედა და მამაკაცი, რომელმაც თქვა, რომ მამობილია, მათი თქმით, ისინი სამუშაოდ – თხილის საკრეფად იყვნენ წასული.
როგორც შევიტყვე, აფხაზეთიდან, კერძოდ, გალიდან არიან. დაღუპული ტყუპი სხვას ჰყავდა მინდობით აღზრდაში და სოციალურმა სამსახურმა დედას ამ ორიოდე თვის წინ დაუბრუნა – ამას მეც მეზობლების მონათხრობით ვამბობ…. ძალიან საყვარელი ბავშვები იყვნენ, ეზოში რომ თამაშობდნენ, ვხედავდითო. ის ორი მოზარდი გადარჩა, ბავშვებიც შოკში იქნებიან და მალე ალბათ, შეძლებენ და მოყვებიან რა მოხდა. სოციალურად დაუცველები არიან…
კორპუსში იმხელა დაკვამლიანება იყო, რომ მე-9 სართულამდე აღწევდა კვამლიო. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი ნინო იზორია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.










