პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მდგომარეობა არის სტაბილურად კრიტიკული, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის სქემა ჰოსპიტლისა და კონსილიუმის ექიმების ერთობლივი მონაწილეობით, ხვალ შედგება.
“ტრანსპორტირება მოხდა ნორმალურად, მდგომარეობა მძიმეა… ხვალ იქნება სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას… პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მკურნალობა უპრობლემოდ არ ჩაივლის. მდგომარეობა არის სტაბილურად კრიტიკული.
უკვე ჩაუტარდა გარკვეული ტესტები, მდგომარეობა რასაკვირეველია მძიმეა და უკეთესობას არც ველოდით, მაგრამ საღამო ჩაიცლის ასე თუ ისე ნორმალურად. პირველადი რეანიმაციული დახმარება გაეწია და გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
ხვალ შედგება შეხვედრა სამთავრობო კონსილიუმთან, მათი და ჰოსპიტლის ექიმების მონაწილეობით შედგება მკურნალობის სქემა. აქ არიან კვალიფიციური ექიმები, მაგრამ აქ ასევე მორიგეობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები.
პაციენტზე, რომელიც უკვე ამდენი დღეა შიმშილობს, ვერ ვიტყვით რომ სტაბილურია, უნდა ვთქვათ, რომ სტაბილურად კრიტიკულია.
დედამ, ქალბატონმა გიულიმ ნახა შვილი და ესაუბრა მას”– ამბობს ნიკა ყიფშიძე.