მივესალმები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მკაფიო განცხადებას, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის ასოცირების შეთანხმება მკაცრ პირობებს უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
“მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ რეჟიმი აქტიურად ანგრევს საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, საკუთარი ხელით ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას, 2008 წლის ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს და მე, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, სასამართლოს წინაშე მაყენებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გამო, რომლის მიზანიც მცოცავი ანექსიის შეჩერება იყო, საქართველოს ნამდვილი პარტნიორები აგრძელებენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცედ დაცვას”, – წერს გახარია.
მისი თქმით, საქართველოს ევროპელი პარტნიორები იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის მმართველი რეჟიმი მათ წინააღმდეგ მოქმედებს.
“მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმისთვის, რომ იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის მმართველი რეჟიმი მათ წინააღმდეგ მოქმედებს”, – აცხადებს გახარია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირს სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა ჰქონდეს, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება.










