ახალი კანონით მაღალჩინოსნებს შეეძლებათ 12 თვის სარგოს გარდა, დამატებით პრემიის სახით 3.5 თვის ხელფასი აიღონ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) პუბლიკაციაშია აღნიშნული.
ცნობისთვის, პარლამენტმა 1-ლი მოსმენით უკვე მიიღო მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვით, რიგ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ეს თანამდებობის პირები არიან: მინისტრების მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების მოადგილეები, რწმუნებულების მოადგილეები და მერების მოადგილეები.
აღნიშნულ პირებს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის მიეცემათ.
„ბოლო 4 წელიწადში მინისტრებისა და მერების მოადგილეების ხელფასები ისედაც 46%-ით გაიზარდა. მაგალითად, თბილისის მერის მოადგილის სარგომ 6 765-დან 9 840 ლარამდე მოიმატა.
თუმცა, როგორც ჩანს, თითქმის 10 000-ლარიანი ხელფასიც არ არის საკმარისი – ახალი კანონპროექტით, ამ თანამდებობის პირებს წელიწადში დამატებით 3.5 თვის სარგოს აღება შეეძლებათ ფულადი ჯილდოსა და დანამატის სახით.
შედეგად, მაგალითად, თბილისის მერის მოადგილის შემთხვევაში ანაზღაურება 9 840 ლარიდან 12 792 ლარამდე გაიზრდება; ხოლო მინისტრის მოადგილემ, რომელსაც 11 600 ლარი აქვს დარიცხული ხელფასი, შესაძლოა დამატებით თვეში 3 480 ლარი მიიღოს ჯილდოსა და დანამატის სახით,“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პუბლიკაციაში.










