დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მარნეულის ე.წ. ცხელების ცენტრში მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე მიმართვიანობა უფრო მაღალი უნდა იყოს და ამ მიმართულებით ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.
„ჩვენი პრობლემა ქვემო ქართლთან დაკავშირებით მარნეულიდან დაიწყო და მაშინვე ძალიან დიდი ძალები იყო მობილიზებული, რომ როგორმე ეს პროცესები შეგვეკავებინა და კიდეც გამოიღო რაღაც ეტაპამდე ამან შედეგი. მარნეულში „ცხელების ცენტრი“ არის, ვიცით რამხელაა ამ რაიონის მოსახლეობა, წესით და რიგით მიმართვიანობა უნდა იყოს უფრო მაღალი. არ მიმართავს მოსახლეობა. ამ მიმართულებით სამუშაოა მოსახლეობასთან. შეიძლება ისინი თვლიან, რომ ეს ძალიან მსუბუქია, არ ღირს ამის გამო ექიმთან მისვლა, არ ღირს გამოკვლევა, ეს ასპექტები არის. უნდა აუხსნათ, რომ შეიძლება მას ძალიან მსუბუქად ჰქონდეს, ვიღაცას გადასდოს და მას დაუმძიმდეს და ვიღაცა გახდება მსხვერპლი.
ფაქტია და რიცხვების გვაჩვენებს ამას, რომ არის “ცხელების ცენტრი”, მიმართვიანობა მაინც დაბალია, მაინც გამოვლინდა დამატებით შემთხვევა“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.