პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ქორწინების მოტივით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ფაქტი გახსნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია 3 პირი.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი“,– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გააუპატიურა.
დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.