მარიუპოლში 11 ოკუპანტი უცნაურ, გაურკვეველ ვითარებაში, ერთი მიზეზით გარდაიცვალა – ამის შესახებ ჟურნალისტი ლაშა ბერულა წერს
“ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, უცნაურ ვითარებაში 11 რუსი ოკუპანტი სამხედრო გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი, ყველა შემთხვევაში, გულის უეცარი შეტევა გახდა, რასაც მყისიერი სიკვდილი მოჰყვა. გაკვეთამ აჩვენა, რომ მხოლოდ სამს ჰქონდა გულთან დაკავშირებული პრობლემები, მათგან სერიოზული გართულება კი – მხოლოდ ერთს.

უეცარი და უცნაური გარდაცვალების ფაქტს რუსული ტელეგრამ-არხები ადასტურებენ, ხოლო მედია არ გამორიცხავს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები მოწამლეს.

მათი ვარაუდით, შესაძლოა, სამხედროების სიკვდილში გარეული იყვნენ ან დივერსანტები, ან ადგილობრივი პარტიზანები, რომლებიც მარიუპოლსა და მელიტოპოლში აქტიურად და შეუმჩნევლად მოქმედებენ.

მოწამლვის მიზეზი, შესაძლოა, ალკოჰოლი ან საკვები იყოს, სადაც დივერსანტები ძკლიერმოქმედ შხამს ურევენ.

ერთ-ერთი ვერსიით, შხამი იწვევს გულის გაჩერებას, ხოლო მისი კვალის აღმოჩენა შეუძლებელი ხდება ორგანიზმში მოხვედრიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ.
რუსი ექსპერტები და სამხედრო მიმომხილველები მარიუპოლში მყოფ სამხედროებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან და არ ჭამონ საჭმელი “გადაუმოწმებელ ადგილებში”. ამასთან, მედიაში ისიც გაიხსენეს, რომ ამგვარი გაფრთხილება წინათაც გავრცელდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრმა რუსმა სამხედრომ მას ყურადღება არ მიაქცია.” – წერს ლაშა ბერულავა ანტისაოკუპაციო გვერდზე.