,,ვადასტურებ, რომ გავედი პარტიიდან. ფრაქცია, რომელიც პარლამენტში იქმნება და ხათუნა სამნიძე უნდა იყოს თავმჯდომარე, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად „რესპუბლიკური პარტიისთვის“, მაგრამ აღმოვჩნდით უმცირესობაში, პარტიამ სხვაგვარად გადაწყვიტა. არც ერთი წევრი იმ ფრაქციის არ მიმაჩნია იმის ღირსად, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ. ეს მათ შორის ჩემი გემოვნების ამბავია, პოლიტიკურად არ მომწონს არც ვაშაძე და არც ერთი. პარტიაში თამარ კორძაიაც იყო და ვერ გაიტანა თავისი მოსაზრება, ის აცხადებდა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების სახით ყოფილიყვნენ პარლამენტში წარმოდგენილი „რესპუბლიკელები“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს „რესპუბლიკური პარტია“ თამარ კორძაიამაც დატოვა. მისი განმარტებით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.










