კალიფორნია ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შტატი გახდა, რომელმაც მასწავლებლებისა და სკოლის ყველა თანამშრომლისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია ან რეგულარული ტესტირება შემოიღო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
”ჩვენ ვავალდებულებთ სკოლის ყველა თანამშრომელს, იყოს აცრილი, რათა მშობლები თავიანთი შვილების უსაფრთხოებაში დაარწმუნონ, როდესაც ისინი გაკვეთილების ჩვეულ ფორმას დაუბრუნდებიან”, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა.
შესაბამისი ბრძანება, რომელიც უკვე ძალაშია შესული, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სრულ ვაქცინაციას, ან ყოველკვირეულ ტესტირებას ითვალისწინებს.
კალიფორნიის პედაგოგიურმა პროფკავშირებმა, რომლებიც 550 ათასზე მეტ მუშაკს აერთიანებენ, უკვე შტატის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.










