ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საფუძველი არ არსებობს. გაბუნიას თქმით, ვითარება საკმაოდ რთულია, კლინიკები გადატვირთულია და ყველა რეგულაცია, რომელიც ძალაშია მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღსრულდეს.
“არანაირი შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია არის საკმაოდ რთული, კლინიკები გადატვირთულია. ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღსრულდეს”,- თქვა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება კითხვას, მოიხსნება თუ არა 4 სექტემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, გაბუნია ამბობს, რომ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
“ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით, საბჭო ისევ იმსჯელებს, მაგრამ დღეს, დღევანდელი მდგომარეობით, შეზღუდვები, ის, რაც გვაქვს, ყოველ შემთხვევაში დაანონსებული როგორც არის, ისე გაგრძელდება. საბჭო იქნება და გადაწყვეტილებას გაგაცნობთ”,-თქვა მან.
გართულებული ეპიდვითარების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები, შეზღუდულია ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირება, კვების ობიექტები კი 00:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე ფუნქციონირებენ.










