იმერეთში უკვე მეოთხე დღეა, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
როგორც შალამბერიძე განმარტავს, ის ვანის, წყალტუბოსა და ბაღდადის ბაზრების ხელმძღვანელებს ხვდება, რათა გახსნისათვის საჭირო რეკომენდაციები მიაწოდოს.
„მთლიანად იმერეთში მდგომარეობა უცვლელია, ახალი შემთხვევები არ გვქონია, სიტუაციას ვაკონტროლებთ. შეიძლება ითქვას, რომ ორი ცხელი წერტილი გვაქვს – წყალტუბო და თერჯოლის სოფელი ღვანკითი, სადაც სიტუაცია სტაბილურია, სხვაგან შემთხვევები არ გამოვლენილა. რაც შეეხება ბაზრებს, იმერეთის რეგიონის მასშტაბით ბაზრების მონიტორინგს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურებთან ერთად ვახორციელებთ და პირადად ვეცნობი ბაზრებში არსებულ სიტუაციას, რომელთაც უკვე მიეცათ ფუნქციონირების საშუალება“, – განაცხადა შალამბერიძემ.