,,საქართველოს საპატრიარქოს 2021 წლის 10 ნოემბრის განცხადება პირდაპირ და უხეშად არღვევს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეხუთე თავს სრულად და ასევე, ამავე დებულების მეშვიდე თავთან მოდის წინააღმდეგობაში.
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, საქართველოს საპატრიარქოს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება, რომ ოფიციალურად შეაფასოს რომელიმე მღვდელმთავრის ქმედება.
ყოველი მღვდელმთავრის ნებისმიერი ქმედება თუ განცხადება საეკლესიო სამართლის თანახმად ოფიციალურ დონეზე მხოლოდ წმიდა სინოდის მიერ ფასდება.
ერთადერთს, სწორედ წმიდა სინოდს შესწევს უფლებამოსილება, რომ სამართლებრივად თუ მორალურად შეაფასოს მღვდელმთავრის რომელიმე ქმედება ან განცხადება.
შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქომ დღევანდელი თავისი განცხადებით დაარღვია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება და მკვეთრად გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას.
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ აღნიშნული განცხადება არის სამართლებრივი ნონსენსი.
გარდა ამისა, სამწუხაროდ, ეს განცხადება, საქართველოში ამჟამად შექმნილ ურთულეს სამოქალაქო მდგომარეობაში წარმოადგენს ამ ურთულესი ვითარების განმუხტვის საწინააღმდეგო ქმედებას, რაც სარწმუნოებრივ საკითხებში გაუცნობიერებელ ადამიანებში შეიტანს კიდევ მეტად დაძაბულობასა და დაბრკოლებას, დაპირისპირებულ მხარეებს შესძენს კიდევ მეტი დაპირისპირებისა და ანგარისწორების სურვილს, რაც მათთვის ნაკარნახევი იქნება ფსევდოსარწმუნოებრივ ნიადაგზე, რომელიც საპატრიარქოს აღნიშნულმა განცხადებამ შექმნა.
სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო.”-წერს თეოლოგი ლაშა დეისაძე-შერვაშიძე.










