ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.
ნანა ყეინიშვილმა 1986 წელს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2004-2005 წლებში ამავე ინსტიტუტში ასპირანტურაზე სწავლობდა. 2005 წელს მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 2022 წელს კი გახდა ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.
გარდა პოლიტიკისა, ნანა ყეინიშვილი საქართველოში ბიზნეს-საქმიანობასაც ეწევა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ის ამ დროისთვის არის 10-ზე მეტი კომპანიის დამფუძნებელი, მეწილე და დირექტორი. მათ შორის, ის არის შპს „სადმელი ჰესის“ – დამფუძნებელი, დირექტორი; შპს „დანიელი 2022-ის“- დამფუძნებელი, დირექტორი; შპს „ვიპ ფეის“ – დამფუძნებელი, დირექტორი; შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯის“ – დამფუძნებელი, დირექტორი; შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფის“- დამფუძნებელი, დირექტორი; შპს „ვიანდო გეორგიას“ მეწილე, დირექტორი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ნანა ყეინიშვილი 2001-დან 2012 წლამდე იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი. პოლიტიკაში მოსვლამდე მას თანამდებობის დატოვება მოუწია, თუმცა საკმაოდ ხმაურიანად. მაშინ ოპონენტები ამბობდნენ, რომ ყეინიშვილმა „წითელი ჯვარი საკუთარ შპს-დ გადააქცია და „ქართულ ოცნებაში“ წასვლის შემდეგ შვილს გადაულოცა.









