კორონავირუსის სტატისტიკა მომატებულია და ეპიდემიოლოგები დაავადების გავრცელების მორიგ პიკს საქართველოში აგვისტო-სექტემრის თვეში ელოდებიან. ექიმების თქმით, ვითარებას ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამი ართულებს, რომლის გავრცელებაც სწრაფად ხდება. სპეციალისტები ეპიდაფეთქებას, სეზონზე კვლავ აჭარის რეგიონიდან ელოდებიან.
“ახლა არის ტურისტული სეზონი, დიდია მობილობა, ძალიან ხშირია ასეთი კონტაქტები, მისვლა-მოსვლა, მესმის ძალიან რთული ზაფხულის ცხელ დღეებში, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე პირბადის ტარება, მაგრამ მაქსიმალურად, ერთადერთი საშუალება ისევ პირბადის ტარებაა, დისტანციის დაცვა და ვაქცინაციის პროცესში მასიური და აქტიური ჩართულობა. ეს არის გამოსავალი, რომ ჩვენ მშვიდობიანად გადავლახოთ ზაფხულის ცხელი დღეები,” – აცხადებს პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი.
ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ე.წ. ინდური შტამი და სხვა მუტანტური შტამები ვრცელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ზაფხულის ისე გატარება, რომ ეპიდსიტუაციას საფრთხე არ შეექმნას.
“განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო, საზღვაო ზოლს, სადაც რთულია წესების დაცვა, მაგრამ მე მინდა მოსახლეობას უმორჩილესად ვთხოვო, რამენაირად მოვახერხოთ და დავიცვათ ეს რეკომენდაციები,” – აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
ექიმები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისაკენ მოუწიოდებენ.
Rustavi2.ge










