უკვე შესაძლებლობა გვაქვს ყველას, რომ დავიწყოთ ნორმალური მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თალაკვაძის განცხადებით, 2012 წლიდან ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება დემოკრატიულად და მიმდინარე წელსაც არჩევნები ამ პრინციპის დაცვით ჩატარდება.
„ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. ამის ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოებაა.
მიგვაჩნია, რომ ეს შეთანმება არის მიღწევა და პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისათვის და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ჩვენი გადაწყვეტილება მიმართული იყო დეესკალაციისკენ მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენ გვეჩვენებინა ჩვენი მოქალაქეებისა და პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლება უფრთხილდება და პატივს სცემს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.