ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ადვოკატები სამარცხვინოს უწოდებენ.
როგორც მსჯავრდებულ ლაშა შერმადინის ადვოკატი ზაქრო გვიშიანი აცხადებს, სასამართლო საზოგადოებრივი მცდარი აზრის მარწუხებში მოექცა და 6 ახალგაზრდას მომავალი მოუსპო.
“სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული, ეს არ გამომდინარეობდა მტკიცებულებებიდან. დღევანდელ დღეს აღსრულდა ის სცენარი, რაც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს. დღევანდელ დღეს სასამართლომ 6 ახალგაზრდას მომავალი განზრახ მოუსპო, როცა ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები არცერთი ბრალდებულის მიმართ არცერთ ეპიზოდში. მოსამართლე ბუნებრივია, მოექცა საზოგადოებრივი მცდარი აზრის მარწუხებში, რაც შექმნილი იყო. ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც მოსამართლემ მიიღო. მოსამართლემ ასევე დაამკვიდრა მახინჯი პრაქტიკა. განაჩენს ჩვენ აუცილებლად გავსაჩივრებთ საპელაციო სასამართლოში და იმედია, იქ მაინც დაგხვდებიან ღირსეული მოსამართლეები და მიიღებენ კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა გვიშიანმა.
სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებას დაკავებულების ახლობლებისა და ოჯახის წევრების უკმაყოფილება და მცირე ხმაური მოჰყვა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები – ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება სასჯელის დანიშვნის სხდომას, ის 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.










