შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.
„დასრულდა საგამოცდო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. მადლობას ვუხდი ამ პროცესის თითოეულ მონაწილეს – როგორც საგამოცდო პერსონალს, ასევე გამოსაცდელებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი – აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, – განაცხადა გორგოძემ.
30 ივლისს მასწავლებლობის მსურველები ბოლო გამოცდას უცხოურ ენებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ.
საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა 12 000-მდე გამოსაცდელი.
პირველადი მონაცემებით გამოცდაზე გამოცხადდა რეგისტრირებულთა დაახლოებით 88 %.
საგამოცდო პროცესი 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.