ამ კავშირში გარკვეული დომინანტი ძალები ცდილობენ, როგორღაც, „უფროსი ძმა“, „უმცროსი ძმა“ – ასე დაყონ თუ განასხვაონ მისი წევრები, ბუნებრივია, რომ ეს პირველ რიგში სცილდება თვითონ ამ კავშირის ფუნდამენტურ მიდგომას და ღერძს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის გაფართოების ახალ შესაძლო წესებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებიდან გადახვევა არაერთ სახელმწიფოს გაუჩენს კითხვის ნიშნებს, თუ რა ტიპის ერთობასთან გვაქვს საქმე”.
„ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ როგორი ფორმულირება ექნებათ და როგორი სახით უნდათ ამ ერთობის გაგრძელება, ან წარმოუდგენიათ ამ ერთობის შემდგომი წლებში ფუნქციონირება. თუმცა მეორე საკითხი არის, თუ იმდენად ასცდებიან იმ მთავარ ფუნდამენტურ მიდგომას, რასაც თავის დროზე და რეალურად ევროპის კავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტები საუბრობენ, მაშინ ეს განაპირობებს იმას, რომ დაისმება კითხვა არაერთი სახელმწიფოსგან, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ რა ერთობასთან გვაქვს საქმე, არის კი ეს ერთობა ის კავშირი და ის ღერძი, რომლისკენაც მთელი ამ წლების განმავლობაში მიისწრაფოდა არაერთი ქვეყანა და მათ შორის ჩვენც, საქართველოც, რომლის მთავარი მიზანიც სწორედაც ამ კავშირში გაწევრიანება იყო.
დღესაც ჩვენ, ბუნებრივია, ერთგულნი ვართ იმ ფუნდამენტური მიდგომებისა, რომელიც თავის დროზე ამ კავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში არის აღწერილი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომელიც ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს და საერთო თამაშის წესებს. როდესაც ვხედავთ, რომ ამ კავშირში გარკვეული დომინანტი ძალები, ცდილობენ „უფროსი ძმა“, „უმცროსი ძმა“ – ასე დაყონ თუ განასხვაონ მისი წევრები, ბუნებრივია, რომ ეს პირველ რიგში სცილდება თვითონ ამ კავშირის ფუნდამენტურ მიდგომას და ღერძს. ასეთი მიდგომების პირობებში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რის გამოც არაერთი სახელმწიფო და მათ შორის ჩვენც პრეტენზიას ვაცხადებთ, რომ დიახ, ჩვენ ვართ ნამდვილი ევროპული კავშირის ღირსები. ბუნებრივია მთელი ამ წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში ამას ადასტურებდა თავისი ისტორიით, თავისი ყოფაქცევით საქართველო და ქართველი ხალხი. ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით რამდენიმე ბიუროკრატი ცდილობს, რომ სულ სხვაგვარად წარმოაჩინოს და საკუთარ თარგზე მოირგოს ევროპის კავშირი” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.










