დაახლოებით მსგავსი ამბავი იყო, როდესაც ბათუმში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი და მაშინაც გვახსოვს ჩვენი ქვეყნის მტრების განცხადებები, რომ მაქსიმალურად უნდოდათ ხელისუფლების დადანაშაულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოხმაურებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, “ოპონენტები გამოძიების დასრულებამდე ცდილობენ მომხდარის პოლიტიზებას და პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისრებას”.
„დღევანდელ ოპოზიციას საერთოდ მორალი არ გააჩნია და არ არსებობს საკითხი, რომელსაც ამათმა პოლიტიკური სარჩული არ შესძინეს. არ არსებობს რაიმე მომხდარი ფაქტი, სადაც ესენი პოლიტიკურად არ დაიწყებენ, ასე ვთქვათ, განცხადებების კეთებას. მსგავსი ამბავი იყო დაახლოებით, როდესაც ბათუმში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი და მაშინაც გვახსოვს ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მტრების განცხადებები, რომ მაქსიმალურად უნდოდათ ხელისუფლების დადანაშაულება და ეს შემთხვევაც არ იქნება გამონაკლისი. საერთოდ ესენი არიან მორალიდან დაცლილები, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და მაქსიმალურად ყველაფერს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებას ზიანი მიაყენონ და აბსოლუტურად გამოუძიებლად, ყველაფერი დააბრალონ ხელისუფლებას. ეს არის ზოგადად დღევანდელი სახედაკარგული ოპოზიცია.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ და ცხოვრობდეს უსაფრთხოდ. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, გამოძიება კიდევ დაადგენს უფრო მეტ დეტალს მომხდართან მიმართებაში ”, – განაცხადა ჭეიშვილმა.










