თბილისის მერია გადაუდებელი აუცილებლობით და “ფორს მაჟორით” ხსნის ვაშლიჯვრის ფერდობზე ჩატარებულ სამუშაოებს. საუბარია ნაპრალების თიხით ამოვსებაზე. როგორც დღეს კახა კალაძის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, სამუშაოები დადებითად შეაფასეს გერმანელმა სპეციალისტებმაც. ამის შემდეგ კი, ბენდელიანის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული პროექტი, რომლის მიხედვითაც გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.
დღეს ბევრად უფრო შემცირებულია რისკები, ვიდრე სამი კვირის წინ იყო – ამბობს ბენდელიანი.
მისივე თქმით, თიხით შევსების მიზანი არ ყოფილა, ის რომ თიხა მეწყერს შეაჩერებს და მას დროებითი დანიშნულება ჰქონდა წვიმიანი ამინდებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ნაკლები წყალი შესულიყო ნაპრალებში
„სამუშაოები, რაც ბოლო კვირებში განხორციელდა ისაა, რომ დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყერის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა, რომ მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა. ასევე მოხდა მოჭრილი მიწის მასით ე.წ. წინაღობის შექმნა. ასევე კონკრეტული ჭაბურღილები გაკეთდა, სადაც ცემენტიზაცია განხორციელდა. ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა – ამბობს ბენდელიანი
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დაყენდა მონიტორინგის სისტემა, რაც შესაძლებლობას იძლევა მუდმივ რეჟიმში გაკონტროლდეს ვითარება.
ინფორმაციას “მთავარი ” ავრცელებს.









