შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელს.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










