იმერეთში ორი დღეა ძლიერ ქარს ებრძვიან. დაზიანებულია შენობები, ავტომობილები, მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები. ქარმა ზიანი მიაყენა სათბურებს.
ქუთაისში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
როგორც იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე აცხადებს მიმდინარეობს მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად:
,,იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი. ჩვენი სამსახურები მუშაობდნენ ადგილებზე. ღამით 69 შენობა დაზიანდა, როგორც საცხოვრებელი კორპუსი, ისე საკუთარი სახლები. 10-მდე მანქანა დაზიანდა ქალაქში. არის რამდენიმე მუნიციპალიტეტი, რომელსაც ახლაც არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქუთაისში 3 000 აბონენტს წყალი არ მიეწოდება, გვქონდა ხანძრის შემთხვევაც წყალტუბოს სოფელ მუხიანში, დაგვიზიანდა სათბურები ვარციხეში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა მიმართულებით მუშაობა, ჩართულია ყველა სამსახური, როგორც საგანგებო, ასევე ენერგო პროს და სოკარის და მაქსიმალურად ვცდილობთ მოკლე დროში აღმოვფხვრათ ის პრობლემა, რაც დგება ჩვენ წინაშე. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა ამ ეტაპზე ციფრებზე ლაპარაკი არ შემიძლია, სანამ არ დასრულდება ეს სტიქია და არ დავიწყებთ მთლიანად დაჯამებას.” – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
სტიქიის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტში დაშავდა ორი ადამიანი.
სინიპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 65 მეტრს აღწევს, გამოიდარებას 15 იანვრიდან ვარაუდობენ.










