საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის ორჯერადად 7%-ია აცრილი, სულ 200 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან გამომდინარე, პანდემიის დამარცხებაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია – სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაცია, პირველ რიგში ამცირებს სწორედ გარდაცვლილთა რაოდენობას, სასიკვდილო, მძიმე ფორმებსა და რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევებს.
„ჯერ, მესამე ტალღა მთლიანად არაა დაძლეული. ის, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სიკვდილიანობა შედარებით მაღალია, განპირობებულია სწორედ იმით, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, ვაქცინაციის კარგი ტემპი აიკრიფა, დაახლოებით, მოსახლეობის 7% გვყავს ვაქცინირებული.
„ვაქცინაცია, პირველ რიგში, ამცირებს სწორედ გარდაცვლილთა რაოდენობას, სასიკვდილო, მძიმე ფორმებსა და რეანიმაციაში მოხვედრის შემთხვევებს. დღეში 15-16 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს”, – აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.
ორშაბათს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 692 პირი.
13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.30%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 6, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
დიდი ალბათობით, საჭირო იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინის მესამე დოზაზე ბევრი კვლევა ტარდება და სპეციალისტები მის საჭიროებაზე საუბრობენ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მესამე დოზით ვაქცინაცია საჭირო იქნება მეორე დოზის გაკეთებიდან 6-8 თვის შემდეგ.
„დიდი ალბათობით, მესამე დოზა გაკეთდება მეორე დოზით ვაქცინაციიდან ექვსიდან რვა თვის შემდეგ. საერთაშორისო მწარმოებლების გეგმებიც მიუთითებს იმას, რომ მესამე დოზა საჭირო იქნება. წარმოების მოცულობა იმაზე მეტი იგეგმება, ვიდრე ორჯერადად აცრისთვის გლობალურად არის საჭირო.
„საერთაშორისო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ასე მარტივად არ დასრულდება კოვიდი და ყოველწლიურად დაგვჭირდება აცრა, ვიდრე ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება იმდენად, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მესამე ჯერზე განსხვავებული ვაქცინით აიცრან.
„რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა ვაქცინა უნდა იქნას მესამე დოზის გასაკეთებლად გამოყენებული, თავისუფლად შესაძლებელია, რომ იყოს სხვაც. ვინც ორჯერ აცრილია „სინოფარმით”, 8 თვის შემდეგ შეუძლიათ, აიცრან „ფაიზერით” ან „ასტრაზენეკათი” და პირიქით.
„რაც შეეხება პირველი და მეორე დოზების შერევას, ამ ეტაპზე რეკომენდირებულია, რომ პირველი და მეორე დოზა ერთი და იმავე მწარმოებლის ვაქცინით გაკეთდეს, მაგრამ სპეციალისტები დიდ პრობლემას ვერ ხედავენ შერევაში. მაგალითად, „ასტრაზენეკას” მეორე დოზა კეთდება 8-12 კვირის შემდეგ და თუ გეჩქარებათ მეორე დოზის გაკეთება, შეგიძლიათ სხვა გაიკეთოთ, ამაში მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ეს შემთხვევა უნდა იქნეს განხილული.
„ნიტაგი” არის ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტი და საკითხი ინდივიდუალურად მათთან უნდა შეთანხმდეს. ადამიანს თუ უნდა ვაქცინის მწარმოებლის მეორე დოზით აცრა, დაწერს განცხადებას სამინისტროში და შემდეგ ამას განიხილავს ეს კომიტეტი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაზე კვლევები ჯერ კიდევ მიდის, თუმცა მისი აზრით, ეს იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ადამიანს ორი აცრის შემდეგ ანტისხეულები იმ რაოდენობით არ ექნებათ, რაც საჭიროა.
„მესამე დოზა იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ იმ ადამიანებს, ვისაც ორი აცრა ექნება გაკეთებული,სპეციალური ანალიზი ჩაუტარდებათ, რომელიც იმუნური სტატუსის დადგენას ემსახურება. ანუ, მათ ანტისხეულები თუ იმ რაოდენობით, ან საერთოდ არ ექნებათ, მხოლოდ ამ ადამიანებს, ვისაც ექნება იმ რაოდენობით, რაც საჭიროა, მათ მესამე აცრა არ ჩაურტარდებათ.
„მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ მეასმე აცრასთან დაკავშირებით საკითხი კვლევის პროცესშია, პირველადი აცრებიც კი ჯერ ბოლომდე არაა დამთავრებული და რომელ მესამეზეა საუბარი.
„აცრა ეს 100%-იანი თვადაცვა არაა, ეს პირველ რიგში სიცოცხლისათვის საშიში მდგომარების თავიდან აცილებაა და დაავადების მიმდინარეობას სიმსუბუქეს მისცემს. ზოგადად, ქვეყნის თვალსაზრისით ვირუსის შესუსტებისთვის საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნა აუცილებელია, თუ ვირუსს გადაცემის საშუალება აღარ დარჩება, ის თავის მოღვაწეობას დაამთავრებს, ეს აცრებიც ამიტომ კეთდება” – განაცხადა მან.
არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას, ხმალაძე ამბობს, რომ ვითარება სტაბილურია, თუმცა საყურადღებო.
„ჩვენთვის ამ ეტაპზე სანამ აცრები არ დამთავრდება და ამ ინფექციას ბოლომდე არ მოვახრჩობთ, საყურადღებოა, თუმცაღა სტაბილური მდგომარეობაა. ასევე, მძიმე ფორმები ბევრად შემცირდა, ვიდრე ადრე იყო. სამწუხაროდ ის ადამიანები, ვინც გარდაიცვალნენ, ვირუსის მიმღებლობა მაღალი ჰქონდათ, ამასთანავე გვერდითი დაავადებებიც ახლდა ამ ყველაფერს სწორედ ძირითადი მიზეზი ესაა ხოლმე.
„სამწუხაროა, მაგრამ კორონავირუსით გარდაცვალებულები მაინც ჯერ კიდევ არიან, თუ იმას მივაღწიეთ, რომ მსხვერპლი არ იქნება და გრიპის დონეზე გადავა, მაშინ კორონავირუსზე პირველი გამარჯვება იქნება, მეორე გამარჯვება კი მაშინ იქნება, როცა ვირუსი საერთოდ აღარ იცირკულირებს.
„მეორე გამარჯვება მაშინ იქნება, როცა აცრები დამთავრდება, სხვადასხვა ექსპერტი ვირუსის დასრულების სხვადასსხვა დროს ასახელებს, თუმცა ვნახოთ, ეს ვირუსული ინფექციაა, რომელსაც გავრცელების თვალსაზრისით არანაირი მართვა არ აქვს. ერთადერთი რითაც ვებრძვით, ესაა ეპიდღონისძიებები და აცრები. დღეს შესაძლოა იყოს ორი შემთხვევა, ხვალ ავარდეს ათასზე, ამიტომ პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა” – განაცხადა ხმალაძემ
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მესამე დოზის საჭიროებასთან დაკავშირებით ექიმი-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ კვლევები ჯერ კიდევ მიდის, თუმცა ანტისხეულის რაოდენობას და „ასევე ადამიანმა ვაქცინაცია გადატანილმა გაიკეთა თუ რომელსაც კორონავირუსი საერთოდ არასდროს არ ჰქონია”
„მესამე დოზასთან დაკავშირებით კითხვები არის, ზოგადად პაციენტს და ანტისხეულების რაოდენობას გააჩნია და ასევე ადამიანმა ვაქცინაციაგადატანილმა გაიკეთა, თუ რომელსაც კორონავირუსი საერთოდ არასდროს არ ჰქონია – ჯერჯერობით მესამე დოზა გვჭირდება თუ არა, ამის მყარი გამომდინარეობს იქიდან, თუ პაციენტის იმუნური სიტემა პირველ მეორე დოზას როგორ უპასუხებს.
„ვაქცინაციის პირველი დოზა იმუნური დაცვისთვის საკმარისი არაა, ყველა ვაქცინას განსხვავებული პერიოდულობა აქვს და ორი დოზა უნდა ჩატარდეს. როგორც ვიცი ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც მხოლოდ ერთი დოზით კეთდება და ადამიანებს განმეორებითი ვაქცინაცია არ სჭირდებათ, ესაა “ჯონსონი და ჯონსონი”, მაგრამ როგორც ვიცი, ეს ვაქცინა საქართველოში ჯერჯერობით შემოტანილი არაა.
„საქართველოში დღეს არსებული ვაქცინებიდან ყველას ორი დოზის გაკეთება სჭირდება და მოქმედებას ორი დოზის შემდეგ იწყებს, მაგალითად „ფაიზერი” პირველი დოზის შემდეგ მეორე დოზა სამი კვირის შემდეგ უნდა გაკეთდეს და ამის შემდეგ უკვე ანტისხეულების გამომუშავება იწყება იმ კონცენტრაციით, რომელიც თავდაცვისთვის საკმარისია” – თქვა მან.
ამბობს, რომ მოსახლეობის 60% მაინც უნდა აიცრას, რომ ვირუსი შესუსტდეს.
„60%-მდე მაინც უნდა იყოს, რომ სოციალური იმუნიზაცია და გადადების გაწყვეტა მოხდეს. სანამ ვირუსი საქართველოში ცირკულირებს, ყურადღება, თავშეყრის ადგილებში სოციალური დისტანცირება და ნიღბის ტარება რა თქმა უნდა აუციებელია. თუმცა, არსებული ეპიდემილოგიური მონაცემებით, ღია სივრცეებში, მაგალითად პარკებში ტყეში და ა.შ. არ ვფიქრობ, რომ ადამიანმა ნიღაბი უნდა გაიკეთოს.
„მაგრამ დახურულ სივრცეებში თუ შევდივართ, როგორებიცაა ბანკები, მაღაზია, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია, ამ შემთხვევაში კი ვფიქრობ, რომ თავდაცვა აუცილებელია არა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, არამედ სხვა ვირუსების საწინაარმდეგოდაც.
„თორემ იყო პერიოდი, როცა ჯანდაცვა გადატვიორთული იყო და ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ნაკადებს ვერ ვუმკლავდებოდით, მაშინ ლოქდაუნი გამართლებუილი იყო, მაგრამ როცა დღის განმავლობაში მეტრო და ტრანსპორტი შეზღუდული არაა, საღამოს თერთმეტი საათიდან დილის ოთხ საათამდე მე ვფიქრობ, რომ არანაირი საჭიროება არაა იმისი, რომ კომენდანტი საათი იყოს,”- განაცხადა ჯალაღონიამ.