წნორში მცხოვრები გულნაზი სომხიშვილის ოჯახი პოლიციას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს.
დაზარალებული გულნაზი სომხიშვილი ამბობს, რომ პაპის მიერ დატოვებულ სახლს საკუთარი ბიძა წლებია ედავება. ქალის თქმით, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ ზურაბ დავითაშვილი რომელმაც, ორი დღის წინ ჯერ ოჯახის კუთვნილი ავტომობილი დააზიანა, შემდეგ კი სახლი დაუწვა. კაცი პოლიციელებმა გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ფაქტზე თვითმხილველების მოძიებას კი პოლიცია თავად ოჯახს სთხოვს.
სომხიშვილები ამბობენ, რომ ზურაბ დავითაშვილი მათ მეზობლად ცხოვრობს, კრიმინალური წარსული აქვს და შიშის გამო, იძულებული გახდნენ 2 მცირეწლოვანი შვილი ნათესავებთან გადაემალათ.
“პოლიციასაც აქვს ჩანაწერი, სადაც ლაპარაკობს ბიძაჩემი, რომ მაგან დამიწვა სახლი, მაგრამ არ აკავებენ, ვითხოვ ამინაზღაურდეს ეს ზარალი”,- ამბობს გულნაზი სომხიშვილი.
ზურაბ დავითაშვილის მეუღლე ამბობს, რომ პოლიცია მათთან არ მისულა და არც დაუკითხავს. მეუღლის თქმით, “მისი ქმარი უდანაშაულოა და ამიტომ სამართალდამცველებს ის არ დაუკავებიათ”.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.










