„პრაიმტაიმს“ გიორგი რურუას საქმეზე სასაუბროდ ინფორმირებული წყარო დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ორშაბათს რურუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდება.
„ორშაბათს, გიორგი რურუა სასამართლო პროცესზე პირდაპირ დარბაზიდან გათავისუფლდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მოსამართლე ბრალდების მხრიდან რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევს.“ – ამბობს წყარო.
გიორგი რურუას ადვოკატს „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, პროცესი ორშაბათსაა ჩანიშნული. წინასწარ მოლოდინზე საუბარი რთულია, თუმცა იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად გამართლდება, რადგან ის, რასაც გამოძიება ედავება, უსაფუძვლოა.
„წინასწარ მოლოდინებზე საუბარი გამიჭირდება. ბუნებრივია, ძალიან მინდა გიორგი რურუა გათავისუფლდეს, ამ მოთხოვნას სასამართლო პროცესებზე მუდმივად ვაყენებდით, რადგან გიორგი რურუა ნამდვილად პოლიტპატიმარია და ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ის „მთავარი“ არხის მეწილე და ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდამჭერია. მას ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს (ექსპერტიზა მეტალიზაციაზე, რომლის პასუხია, რომ რურუას ტანსაცმელზე მეტალის კვალი და ნივთმტკიცებად ამოღებულ იარაღზე ბრალდებულის დნმ არ გამოვლენილა). შესაბამისად, რაც სწრაფად მოხდება ამ სიტუაციის გამოსწორება და პოლიტპატიმრის გამოშვება მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის“, – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
primetime.ge








