ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ჩამოსული მეწყრის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს დღის განმავლობაში პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, პროცესში დილიდან გეოლოგიის დეპარტამენტი ჩაერთო, ასევე სიტუაციის შეფასება და რისკების განსაზღვრა მოხდა.
„სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე დღეს დილიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა. მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით დამეწყრილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება ალტერნატიული გზის სამშენებლო სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოსული მეწყრის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს დღის განმავლობაში პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ.
სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან, მათი საჭიროებების გათვალისწინებით დროულად ახდენენ რეაგირებას და მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.









