“მის ავსტრია 2024“-ის ტიტულის მფლობელი, 22 წლის ლუჩია სისიჩი გარდაიცვალა. ახალგაზრდა სილამაზის დედოფალი მთელი ცხოვრების განმავლობაში გულის მძიმე დაავადებას ებრძოდა. სამწუხარო ინფორმაცია ორგანიზაცია Mission Austria-მ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებული სამძიმრის წერილით დაადასტურა.

სიცოცხლის დასრულების კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ლუჩია სისიჩმა “მის ავსტრიის“ ტიტული 2024 წელს მოიპოვა და რადგან შემდგომი კონკურსი ჯერ არ ჩატარებულა, ის მოქმედი ტიტულის მფლობელად რჩებოდა.
“სამედიცინო პერსონალისა და თავდადებული ექიმების წყალობით, რომლებიც თავიანთი უზარმაზარი ძალისხმევით ხელახლა გადაარჩენდნენ ხოლმე ჩემს სიცოცხლეს, დავძლიე უამრავი მძიმე მომენტი და შევძელი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება“, – წერდა ის. სისიჩს გულის დაავადებასთან დაკავშირებით მთელი სიცოცხლის მანძილზე 7 ოპერაცია დასჭირდა.










