ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევებმა კვლავ იმატა. დღეს ქალაქს 21 კოვიდნფიცირებული დაემატა. გაზრდილი რაოდენობის ფონზე კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენის მიღება არ შეუძლია. მათ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ანაწილებენ.
როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე აცხადებს, მიმდინარეობს მსჯელობა რომ კლინიკა კვლავ კოვიდ მიმღებად გადაკეთდეს:
“ჩვენი კლინიკა მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმში, ამ ეტაპზე ვიღებთ მოზრდილებს და პატარებს სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიით, თუმცა როგორც გაზაფხულზე იყო გადასული ჩვენი კლინიკა კოვიდის რეჟიმში, საჭიროების შემთხვევაში ისევ შეგვეძლება გადავერთოთ და მივიღოთ მხოლოდ კოვიდ პაციენტები.
ამ საკითხებს გავდივართ შესაბამის სტრუქტურებთან და რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი გავაგრძელებთ ამ რეჟიმში მუშაობას თუ გადავკეთდებით როგორც კოვიდ-კლინიკა.” – ამბობს ნოდარ მაღლაფერიძე
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი აღნიშნავს ამ ეტაპზე კლინიკაში კოვიდინფიცირებულებისათვის გამოყოფილი 18 ადგილი უკვე დაკავებულია, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
“კლინიკაში გამოყოფილია 18 საწოლი და შესაბამისად ჯერ-ჯერობით ახალი პაციენტის მიღება არ შეგვიძლია. 18 პაციენტი საშუალო სიმძიმის პაციენტად ითვლება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მკურნალობა. გვყავს ასევე 3 თვის ჩვილი, რომელიც მსუბუქი სიმძიმის პაციენტად ითვლება და მისი მდგომარეობაც ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხებათ ახალი კოვიდინფიცირებულებს ნაწილი რუხში, ნაწილი კი საჩხერეში არიან გადაყვანილები.” – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავამდყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.