არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის ეპიზოდები გაითამაშეს, სულ 5 ეპიზოდი, ხოლო ექსპერიმენტის მეექვსე ნაწილი, ადვოკატების განმარტებით, ხილვადობის არარსებობის გამო შეწყდა.
დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პირმა, რომლებიც ადვოკატების განცხადებით, ექსპერიმენტში საკუთარი სურვილით ჩაერთნენ და საქმის ფიგურანტები არ არიან.
როგორც არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები აბსურდულს გახდის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და ბრალდების მხარე თავად შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს.
“უპირველესად, ჩვენ ჩავატარეთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 20 ივნისით მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, სადაც იგი მიუთითებს, რომ მან დაინახა “ტოიოტა ქამრით” მოსული სამი პიროვნება, რომელიც 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა ამ ადამიანებს. ინსცენირება მოვახდინეთ და აღვადგინეთ ეს რეალურ დროში, გამოვიყენეთ ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საქმეშია განთავსებული და დადასტურდა, რომ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ცრუ, შესაბამისად, მის მიერ მომავალში მოწოდებული ინფორმაციაც იქნება დაუშვებელი მტკიცებულება. ასევე ჩავატარეთ ექსპერიმენტი იმ შესაძლო ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელსაც არჩილ გაგნიძის ადვოკატები არ ვიცნობთ. ეს არის 2 აგვისტოს ჩვენება, სადაც იქ თითქოს მიუთითებს, რომ ხიდის დაახლოებით 60-70%-ით გავლის შემდეგ მან დაინახა ორი პიროვნება, რომელიც მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ არ არიან ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ცდა ჩავატარეთ და დადასტურდა, რომ ბუნებრივი განათების პირობებში რაიმე დაენახა, არა პიროვნებები, არამედ სილუეტებიც კი. კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, რამდენად ექნებოდათ მდევრებს შესაძლებლობა დაენახათ 30-50 მეტრის დაშორებით ამირხანაშვილი, ახვლედიანი და შაქარაშვილი და ამით დადასტურდა, რომ თუ 30-50 მეტრის და ასევე, 100 მეტრის დაშორება იქნებოდა, მდევრებს თავისუფლად შეეძლებოდათ ამ პირების დანახვა.
ბოლო ექსპერიმენტი გვქონდა დაგეგმილი ხიდის ქვეშ იმ რთული რელიეფზე პირების გადაადგილებისა, თუმცა ამ ექსპერიმენტის ჩატარება ობიექტური მიზეზებით ვერ განხორციელდა, დავიცავით მონაწილე პირების ჯანმრთელობა და ეს ექსპერიმენტი შეწყდა ხილვადობის არარსებობის გამო”,- განაცხადა მამუალშვილმა.