“ბავშვს იტაცებენ და მიჰყავთ სადღაც ზუგდიდში, ვიბრძოლებთ ჩვენი შვილისთვის” – ამის შესახებ ალექსანდრე აბოვიანმა განაცხადა და თქვა რომ ოჯახი სოციალურ მომსახურების სააგენტოსთან აქციებსაც გამართას. მათი მთავარი მოთხოვნა შვილის დაბრუნება და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარების გაწევაა.
ბავშვის მშობლები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ახალდაბადებული თბილისის ბავშვთა სახლის ნაცვლად ზუგდიდში მცხოვრებ ოჯახს მიაშვილეს.
“ჩვენ გვეგონა, რომ თბილისში იყო და თურმე ზუგდიდშია ბავშვი. ვითხოვთ, რომ გადმოიყვანონ თბილისში და ჩვენ გვქონდეს კონტაქტი. დაგვეხმარონ, რომ ჩვენი შვილები ჩვენს გვერდზე იყვნენ. ყველგან გამოვიძახებ ტელევიზიას, სანამ ამ მოგვცემენ იმ პირობებს, რომ ჩვენი შვილი ჩვენთან გაიზარდოს, მანამდე გავაგრძელებთ ბრძოლას და არ დავანებებთ ამას თავს,” – ამბობს ბავშვის დედა მარიამ გეთიაშვილი.
როგორც ბავშვის დედ-მამა აცხადებს, ისინი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აქციებს არ შეწყვეტენ.
“სოციალურ სააგენტოს იმას ვთხოვთ, რომ პირობები შეგვიქმნან ისეთი, ჩვენი შვილი ჩვენთან იყოს. სხვა არაფერს არ ვთხოვთ, მაგრამ ესენი სხვანაირად აკეთებენ, ბავშვს იტაცებენ და მიჰყავთ სადღაც ზუგდიდში. ვიბრძოლებთ ჩვენი შვილისთვის, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილი ოჯახში იყოს, ქუჩაშიც გავათენებ, რომ შვილი იყოს ჩემთან სახლში,” – აცხადებს ბავშვის მამა ალექსანდრე აბოვიანი.
11 მაისს ხმაური იყო თბილისის რეფერალურ კლინიკაში, სადაც მარიამ გეთიაშვილმა ბავშვი გააჩინა. დედის თქმით ახალშობილი სოციალურმა სამსახურმა შესაბამის დაწესებულებაში ოჯახის ნებართვის გარეშე გადაიყვანა.
rustavi2.ge










