საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტისას, ბრალდებულმა დაზარალებული ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.









