შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს.
დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია ამოღებული, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










