ზუსტად როდის და რა ფორმით დაიწყებს “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას, ამ ეტაპზე, არ კონკრეტდება. სავარაუდოდ, 33 დეპუტატი საკანონმდებლო პროცესებში მომდევნო სასესიო კვირიდან ჩაერთვება.
დეტალებზე შეთანხმებას პარტიის ლიდერები უახლოეს პერიოდში აპირებენ.
საქართველოს პარლამენტის გარდა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები მუშაობას იწყებენ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. ავტონომიური რესპუბლიკის 6 კანონმდებელი კოლეგებს უახლოესი სასესიო კვირიდან შეუერთდება.
პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” კომფორტულად ყოფნის საშულებას არ მისცემენ და ბრძოლისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ.
“ჩვენ დავიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას საპარლამენტო მიმართულებით, იმიტომ, რომ არ უნდა დავუტოვოთ არცერთი ფრონტის ხაზი, სადაც არ იქნება წარმოდგენილი “ნაციონალური მოძრაობა.” სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება და, ბუნებრივია, ჩავერთვებით ძალიან აქტიურად ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც იქნება წამოჭრილი. განხილვაში ჩართვა არ ნიშნავს, რომ ჩვენ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ, რომ დიდი ალბათობით, დღის წესრიგში დარჩება მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული კანონპროექტი,”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პარლამენტში შესვლის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს. ისინი არც ამნისტიის დოკუმენტის კენჭისყრაში აპირებენ მონაწილეობას.
“ყველგან იქნება “ნაციონალური მოძრაობა” აქტიური და ჩვენი პარლამენტში შესვლა იქნება ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ არ მივცემთ “ქართულ ოცნებას” მშვიდი ცხოვრების საშუალებას, არ მივცემთ საშუალებას, რომ მათ გაიტანონ კანონები, რომლებიც არის მათ ინტერესებზე მორგებული. ამნისტიის გარდა ჩვენ ყველა დოკუმენტის მიღებას და დაჩქარებას შევუწყობთ ხელს. მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებს,”- აცხადებს რომან გოცირიძე.
აკაკი მინაშვილის განცხადებით, ის პარლამენტში შესვლის მომხრე არ იყო, თუმცა, საკითხი უმრავლესობამ სხვაგვარად გადაწყვიტა.
“მე მხარი არ დავუჭირე “ნაციონალური მოძრაობის” შესვლას პარლამენტში, თუმცა, უმრავლესობამ მიიღო სხვა გადაწყვეტილება და ჩვენი წესია შემდეგნაირი – ჩვენ გვაქვს დისკუსიები, განხილვები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვემორჩილებით უმრავლესობის გადაწყვეტილებას. “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთვება გაათმაგებული ენერგიით და არამარტო პარლამენტში, არამედ, პარლამენტს გარეთ,”-განაცხადა მან.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება დღის ბოლოს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო და ამის მიზეზად მმართველ გუნდთან საბრძოლველად ყველა ტრიბუნის გამოყენების აუცილებლობა დასახელდა.
Rustavi2.ge










