“არა პატიმრების წამებას!” – გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დღეს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნაა, ციხეების უფროსმა ოფიციალური განცხადება გააკეთოს და თქვას, რა ჩანს რეალურად იმ კადრებში, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა საზოგადოებას დაუმალა.
დავითაძის ოჯახის წევრები ასევე ითხოვენ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც, მათი თქმით, ძალადობაში მონაწილეობდა.
დღეს არის აქცია 12:00 საათზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან, რომელიც მდებარეობს სანდრო ეულის 3 ნომერში. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ეს არის უნივერსიტეტის მეტროსთან. გელოდებით ყველას, ვინც თვლით, რომ ხმა უნდა ამოვიღოთ. მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ. მოვითხოვთ შთა ტრაპაიძის გათავისუფლება, მინიმუმ, იმ დროით, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. ასევე ყვლა იმ ბადრაგების, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფაქტში, – ამბობს გიორგი დავითაძის მეუღლე თაკო დავითაძე.
პატიმრის მიმართ ციხეში სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიებიდან უკვე ექვს თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება და რა შედეგები აქვს პროკურატურას.
ბოლო ხუთი დღეა, საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება, საგამოძიებო უწყებას კი შუალედური შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პატიმარზე სექსუალური ძალადობა არ მომხდარა, თუმცა ამ ვერსიას საზოგადოების ნაწილი და დავითაძის ოჯახის წევრები არ ენდობიან და საქმის ობიექტურ გამოძიებასა და კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.









