იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აუცილებელია მოიძებნოს სხვა მეთოდებიც, რომლებიც ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპს გაზრდის.
“აუცილებლად მოსაძებნია სხვა ინტერვენციები, რომლებმაც შეიძლება უფრო მკვეთრად გაზარდონ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა. ეს ჩამონათვალიც ჩვენთვის ცნობილია, ამაზეც დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს. ასეთია მაგალითად, “მწვანე პასპორტის” იდეა – ადამიანებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ ორჯერადი აცრა, ჰქონდეთ შესაძლებლობა შეზღუდვის გარეშე მიიღონ ის სერვისები, რომლებიც ჯერჯერობით ასეთი ღია არ არის – თეატრი, ბიბლიოთეკა, რესტორანი, ბარი, ღამის კლუბი. ეს ჩამონათვალი შეიძლება ძალიან ფართო იყოს, ადამიანი, რომელმაც მაღალი პასუხისმგებლობა აქვს და ჩაიტარა ვაქცინაცია, ამით უნდა სარგებლობდეს”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.










