დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს – ორგანიზაცია ენგურის ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება. აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ შამგონასთან, მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ ადიდებულმა მდინარემ წაიღო.
ჯერჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია მეოთხე ცხედრის პოვნაზე.