საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გაუქმება არც კი განიხილება. ამის შესახებ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს სოფელ ჩორჩანასთან განუცხადა:
„ეს არის და ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია, მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ“,- განაცხადა დარსალიამ.
„ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ მედიას, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს არსებულ ვითარებაზე.ყველაზე მთავარი ახლა არის სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად მუშაობს ამ დღეებში, შეიძლება ითქვას 24 – საათიან რეჟიმში. მაგალითად, გუშინ დაუყოვნებლივ შევკრიბეთ დიპლომატიური კორპუსი, ასევე შესაბამისი ინსტრუქციები მივეცით შესაბამის საელჩოებს, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ ჩვენს პარტნიორებთნ. შეიძლება ითქვას, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ, ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ კონტაქტზე ჩვენ პარტნიორებთან, რათა მათ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და ერთობლივად დავგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ არ მოხდეს ვითარების შემდგომი ესკალაცია“,- განაცხადა დარსალიამ.