კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.
როინ კვასხვაძე : “მინდა, გულშემატკივარმა სწორად გაიგოს ჩვენი პოზიცია.
“ტორპედოდან” არცერთი ფეხბურთელი წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.
ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის სამწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია...
“ტორპედო” არ მიგვიტოვებია! უბრალოდ, იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია.
პირადად ჩემთვის “ტორპედოს” დაშლა ძალიან მტკივნეული იქნება. “ტორპედო” არაა რიგითი კლუბი, მას გაფრთხილება უნდა. დღეს “ტორპედო” ჩვენს თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ…“-წერს გუნდის კაპიტანი “ტორპედო”-ს ოფიციალურ ფესიბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუნდში თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, პრობლემები გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს. ბოლოს გამართული აქციის შემდეგ მათ ქალაქის მერი შეხვდათ.
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.