2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” გამართავს გავრილოვის პატიმრებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერ აქციას.
ამ დროისთვის ციხეში რჩება 16 მოქალაქე, რომელსაც ხელისუფლება ჯგუფურ, ორგანიზებულ ძალადობას ედავება.
“ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებზე აღიარებითი ჩვენებების მოპოვების მიზნით ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. უკიდურესად მძიმეა ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის ნაწილი პარალიზებული აქვს და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ციხის პირობებში დამძიმდა ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელსაც სამწვერა ნერვის ანთება და გაუსაძლისი ტკივილები აღენიშნება. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლება არ მიიჩნევს პატიმართა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, როგორც წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოტივს. ჩვენი აზრით, გავრილოვის პატიმრების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი 20 ივნისის მოვლენების გადაწერა და მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეთა მარგინალურ, ძალადობრივ ჯგუფად წარმოჩენაა. გავრილოვის ღამიდან 3 თვეზე მეტი გავიდა. პოლიტპატიმრები საკუთარი თავისუფლების ხარჯზე გრძნობენ ჩვენი ხელისუფლების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგებებს.” – ნათქვამია მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.