,,მიჭირს საკუთარ თავს პოეტი ვუწოდო, საამისოდ, ერთი წიგნი მაინც უნდა გამოსცეო”- მითხრა ერთხელ, თამარმა. არადა, ყოველთვის გარინდული ვუსმენდი, ან ერთი ამოსუნთქვით მინდოდა წამეკითხა. ყოველი პწკარი – ღრმა და სავსე. აქ იყო გაცხადებული ბევრი სიმართლე, სისადავე, სიდიადე, ცოდნა და რითმაში გაბნეული ნიჭი.
თამარ, ისევ აქ ხარ, შენი სურნელი ისევ იგრძნობა, შენი სტრიქონები კედლიდან კედელზე გადადის, შენი წიგნიც დაიბეჭდა თამარ. დიახ, შენ პოეტი ხარ, ბუნებითაც მუდამ პოეტი იყავი და შემდეგ, მუსიკოსი, მათემატიკოსი, სტატისტიკოსი…
ამ ლექსმა სულის სიმშვიდე დამიკარგა… შიში ჩამისახლა იმ დღის, რომელიც დადგა… უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი.
ჰო, კარგი…
.
ჰო, კარგი…არ დავწერ
იმ წამზე – რომ მელის,
არ მოგწონს…და სევდა
მე გადმომილოცე,
ვუმღერებ იმ დიდ თოვლს,
დაათოვს ,რომელიც,
უფორმოდ მიგდებულ
მზრალ მარმარილოზე –
ირიბად დაათოვს…
და ირიბ ანათალს
დაადებს…დაფარავს
ორ თარიღს და სიტყვას,
ჰო კარგი…ჰო კარგი…
არ დავწერ არაფერს,
რის სმენაც არ გინდა…
და ძარღვებს გაწყვიტავს.
მე მომწონს ოთახში
ვაშლების სუნი და
მე მომწონს ცხელი წყლის
ჭავლის ქვეშ განცხრომა,
მე მომწონს ყინული…
ყინული (სულ მინდა)
იმ ბროლის ჭიქაში –
შინდი რომ მორცხვობდა.
ჰო, მახსოვს…ეს მზერა
თბილ მზეს გაგონებდა,
მე მომწონს თბილი მზე…
და მისი დანახვა,
მომწონხარ შენაც და
მაგ ხმის გაგონებაც
როგორ მიხარია,
ნეტავი განახა.
ხომ ხედავ…აღარ ვწერ
იმ წუთზე – რომ მელის,
აღარ ვწერ…და სევდა
მე გადმოვილოცე,
უბრალოდ, შევნატრი
იმ დიდ თოვლს, რომელიც
დამათოვს უფორმოდ
მზრალ მარმარილოზე .
.
თამარ ჯაფარიძე
15 ოქტომბერი