ძლიერი ქარია დასავლეთ საქართველოში. სტიქიას წუხელ ღამის შემდეგ ებრძვიან იმერეთში სამეგრელოში, გურიაში.
ქუთაისში ძლიერი ქარის გამო ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და რამდენიმე უბანში ასწლოვანი ხეები წაიქცა. დაზიანდა ავტომობილები.ქარმა სახლების სახურავები დააზიანა. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ გაწმენდითი სამუშაოებისთვის, რათა მოძრაობა არ ჩაიკეტოს. მათივე ინფორმაციით, მერიაში არსებულ ცხელ ხაზზე, შეტყობინების შემდეგ, სწრაფი რეაგირება ხდება.
სამტრედიაში ძლიერი ქარის გამო გვიან ღამით საახალწლო ნაძვის ხე წაიქცა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში ძლიერი ქარის შედაგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები.
ფოთში, ძლიერი ქარის გამო დაშავდა მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი.
შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც იგი სტიქიით შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა.
წინასწარი ინფორმაციით მას ხელისა და მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
დაშავებული ფოთის “ევექსის” კლინიკაშია მოთავსებული.
ფოთში „ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა.
თუმცა, მათივე ცნობით, ყველა ფაქტზე მუნიციპალური სამსახურების რეაგირება დროული იყო და მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგა.
„რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა, ყველა პრობლემურ ადგილზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები მუშაობენ და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.
სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.
ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე ხე, მათ შორის საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა, რის შედეგადაც სატრანსპორტო მოძრაობა იყო შეზღუდულიალ.
როგორც ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში, გზებზე არსებული ფანჩატურები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხეს, დავით შარაშიძის თქმით, უკვე აღდგენილია.
„მთავარ ქუჩებზე ხეები დაზიანდა და მოძრაობა ჩაკეტა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დამხმარე ნაგებობებზე სახურავები დაზიანდა, რასაც მერია დღესვე აღადგენს. ასევე სოფლების გზაზე ფანჩატურები დააზიანა“,- განაცხადა ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.










