მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს.
მაცხოვრის შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ.
პირველები, ვინც ახლად დაბადებულ მხსნელს თაყვანი სცეს, მწყემსები იყვნენ, უკვე მოგვიანებით კი, მასთან აღმოსავლეთიდან, სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ. მწყემსებს მაცხოვრის დაბადება უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა მასთან მისასვლელად, უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელად სავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.










