დღეიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში ცვლილებები ამოქმედდება, კერძოდ:
2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს. ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოებს დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ. იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კი, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არასრულწლოვანები არიან, მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოხდება და მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.
ასევე, 2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება. ამ მიმართულებით “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას ყოველწლიურად გამოიწვევს.
დღეიდან, ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით, ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
ამასთან, 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება.
კერძოდ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ხდება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება.










